“იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”
მათე 25:13 ☝️
Ⴔარდულს კედლები ჩამონგრეოდა და ბავშვები ნაშალი აგურებით თამაშობდნენ. თოთია პაპა შორიახლოს იდგა, უყურებდა ამ ყველაფერს და სიყმაწვილე ახსენდებოდა – პერიოდი, როდესაც ეს ფარდული ააშენეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ შვილიშვილებისთვის ბავშვობიდანვე ესწავლებინა ანბანი. ქართული, ძველი ანბანი. გადაწყვეტილებას სიმტკიცე არ აკლდა და კოტეჯში შებრუნებულმა, სკივრიდან, საგულდაგულოდ გადამალული, ალიკო ცინცაძის წიგნი – საყმაწვილო ჰემატრია ამოიღო. სათაურები გადაიკითხა. გაახსენდა, რომ ანბანი ბოლო გვერდზე იყო ჩამოწერილი და რადგან რამდენიმეჯერ ჰქონდა წაკითხული, კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად ბოლოდან დაიწყო კითხვა. მოსაღამოვდა. ეზოში გამოვიდა თოთია. სავსე მთვარეს ახედა. გააცნობიერა, რომ ყველაფერი ზუსტად ახსოვდა და მაჯის ისრებიან საათს დახედა. შვილიშვილები, ლამპიონებს შორის გაბმულ ჰამაკში ჩაიგორა. საქართველოდან წამოღებული, ხევსურული ორნამენტებით მორთული, ზეწარი გადაიფარა. ნაცარქექიას მოხერხებულობის შესახებ ზღაპრის მოყოლა დაიწყო და რამდენიმე წუთში, ბავშვებთან ერთად, თვითონაც ტკბილად ჩაეძინა.

“სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფაცა მქონდა ნებისა.”
რუსთველი
იყო და არა იყო რა. იყო ერთი კაცი, რომელსაც ნაცარქექია ერქვა და გამათში ცხოვრობდა. ნაცარქექია საღამოობით ბუხართან ჩამოჯდებოდა ხოლმე. ცეცხლის შუქით განათებულ ნაცარზე სადგისით რიცხვებს, ასოებს და სიტყვებს წერდა, შლიდა, თან ფიქრობდა. ასე გავიდა ღამეები, თვეები და წლები. ერთხელ ნაცარქექიამ ძროხა მოწველა და ყველი ამოიყვანა. ჩოხა და ყაბალახი მოიხდინა. ძროხა, ხბო, ფარშევანგი და ნამლევი მეზობელს მიაბარა. საგზლით – ნაცრით სავსე გუდით, ყველით, სადგისით აღიჭურვა და გზას გაუდგა. ცოტა იარა. მოულოდნელად ცხრათავიან დევს გადაეყარა, რომელიც უხვწყლიანი წყაროს სათავესთან, ქვაზე იჯდა.
დევის მერვე თავმა უთხრა, გაქცევას აზრი არ აქვსო. მეშვიდემ უთხრა, შეგვებრძოლეო. მეექვსემ უთხრა, უნდა ვითამაშოთ ჩვენი წესებითო. მეხუთემ უთხრა, ჩვენიდან თითო თავი თითო კითხვას დაგისვამს, თუ გამოიცნობ, ის თავი მოგვეჭრება, თუ ვერ გამოიცნობ, შენ მოგეჭრება თავი და ჩვენ გაგვიმთელდებაო.

დევის მეოთხე თავმა უთხრა, სანამ ერთმანეთს შევერკინებით, გვითხარი რა გქვიაო. კაცმა უპასუხა, ნაცარქექია მქვიაო. მესამე თავმა უთხრა, ჩემს კითხვამდე არ მგონია მოაღწიოო და ახარხარდა. მეორე თავმა შესთავაზა, დავიწყოთ ბრძოლაო.
ნაცარქექიამ იფიქრა, ბრძოლის ველიდან გაქვევას ცხრა თავიანმა დევმა მომჭრას თავი სჯობსო და დათანხმდა.
დევის პირველმა თავმა უთხრა:
– ქართული, ძველი ანბანის, 38 ასო თუ იცი, შესაბამისი მიმდევრობით, ჩამომითვალე.
ნაცარქექიამ მიუგო, ვიციო და ჩამოუთვალა:
-აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ
დევის პირველმა თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაქრა.
მე-2 თავმა ნაცარქექიას უთხრა:
– ქართული, ძველი ანბანის, ასოთა რიგითი, რიცხვითი და ფარული შესატყვისები თუ იცი, ჩამომიწერე.
ნაცარქექიამ მიუგო, ვიციო. აიღო გუდა, გადმოყარა ნაცარი, გაშალა და სადგისით ჩამოწერა:
| რიგითი შესატყვისი |
ასომთავრული | რიცხვითი შესატყვისი |
მხედრული | ფარული შესატყვისი |
| 1 | Ⴀ | 1 | ა | 1 | ან |
| 2 | Ⴁ | 2 | ბ | 3 | ბან |
| 3 | Ⴂ | 3 | გ | 6 | გან |
| 4 | Ⴃ | 4 | დ | 10 | დონ |
| 5 | Ⴄ | 5 | ე | 15 | ენ |
| 6 | Ⴅ | 6 | ვ | 21 | ვინ |
| 7 | Ⴆ | 7 | ზ | 28 | ზენ |
| 8 | Ⴡ | 8 | ჱ | 36 | ჰე (ე) |
| 9 | Ⴇ | 9 | თ | 45 | თან |
| 10 | Ⴈ | 10 | ი | 55 | ინ |
| 11 | Ⴉ | 20 | კ | 66 | კან |
| 12 | Ⴊ | 30 | ლ | 78 | ლას |
| 13 | Ⴋ | 40 | მ | 91 | მან |
| 14 | Ⴌ | 50 | ნ | 105 | ნარ |
| 15 | Ⴢ | 60 | ჲ | 120 | (იოტა) ი |
| 16 | Ⴍ | 70 | ო | 136 | ონ |
| 17 | Ⴎ | 80 | პ | 153 | პარ |
| 18 | Ⴏ | 90 | ჟ | 171 | ჟან |
| 19 | Ⴐ | 100 | რ | 190 | რაე |
| 20 | Ⴑ | 200 | ს | 210 | სან |
| 21 | Ⴒ | 300 | ტ | 231 | ტარ |
| — | Ⴣ | — | ჳ | — | ვიე (უი) |
| 22 | Ⴓ (Ⴣ Ⴍ) | 400 | უ | 253 | უნ |
| 23 | Ⴔ | 500 | ფ | 276 | ფარ |
| 24 | Ⴕ | 600 | ქ | 300 | ქან |
| 25 | Ⴖ | 700 | ღ | 325 | ღან |
| 26 | Ⴗ | 800 | ყ | 351 | ყარ |
| 27 | Ⴘ | 900 | შ | 378 | შინ |
| 28 | Ⴙ | 1000 | ჩ | 406 | ჩინ |
| 29 | Ⴚ | 2000 | ც | 435 | ცან |
| 30 | Ⴛ | 3000 | ძ | 465 | ძილ |
| 31 | Ⴜ | 4000 | წ | 496 | წილ |
| 32 | Ⴝ | 5000 | ჭ | 528 | ჭარ |
| 33 | Ⴞ | 6000 | ხ | 561 | ხან |
| 34 | Ⴤ | 7000 | ჴ | 595 | ჴარ |
| 35 | Ⴟ | 8000 | ჯ | 630 | ჯან |
| 36 | Ⴠ | 9000 | ჰ | 666 | ჰაე |
| 37 | Ⴥ | 10000 | ჵ | 703 | ჰოე |
დევის მე-2 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაქრა.
მე-3 თავმა ნაცარქექიას ჰკითხა:
– იბერიას და ქალდეას რა საერთო აქვთ?
ნაცარქექიამ ნაცარზე სადგისით იბერია დაწერა და ასოებს ანბანის რიგითი შესატყვისები მიუწერა: ი -10 ბ-2 ე-5 რ-19 ი-10 ა-1. მიუმატა ერთმანეთს და 47 მიიღო. წაშალა. შემდეგ სიტყვა ქალდეა დაწერა. ასოებს ანბანის რიგითი შესატყვისები მიუწერა: ქ-24 ა-1 ლ12 დ-4 ე-5 ა-1; მიუმატა ერთმანეთს და 47 გამოვიდა.
დევს უთხრა:
– იბერიას და ქალდეას ის საერთო აქვთ, რომ ქართული, ძველი ანბანის მიხედვით, ორივე სიტყვის ასოთა რიგითი შესატყვისების ჯამი 47 არის.
დევის მე-3 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
მე-4 თავმა ნაცარქექიას ჰკითხა:
– შენ და იბერიას რა საეთო გაქვთ?
ნაცარქექიამ ნაცარზე სადგისით თავისი სახელი დაწერა და ასოებს ანბანის რიგითი შესატყვისები მიუწერა:
ნ14 ა1 ც29 ა1 რ19 ქ24 ე5 ქ24 ი10 ა1, შეკრიბა და 128 მიიღო.
გადაშალა. შემდეგ იბერია დაწერა და ასოებს რიცხვითი შესატყვისები მიუწერა:
ი10 ბ2 ე5 რ100 ი10 ა1. შეკრიბა და ესეც 128 გამოვიდა.
დევის მე-4 თავს უთხრა:
– მე და იბერიას ის საერთო გვაქვს, რომ ჩემი სახელი და იბერია, ქართული, ძველი ანბანის მიხედვით ორივე 128 გამოდის.
დევის მე-4 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
მე-5 თავმა ნაცარქექიას ჰკითხა:
– კუს და იბერიას რა საერთო აქვთ?
ნაცარქექიამ ნაცარზე კუ დაწერა და ასოებს ფარული სათვალავის რიცხვითი შესატყვისები მიუწერა: კ66 უ253; მიუმატა ერთმანეთს და 319 მიიღო.
გადაშალა. იბერია დაწერა და ასოებს ფარული სათვალავის რიცხვითი შესატყვისები მიუწერა: ი55 ბ3 ე15 რ190 ი55 ა1; შეკრიბა და 319 გამოვიდა. დევს უთხრა:
– კუს და იბერიას ის საერო აქვთ, რომ ქართული, ძველი ანბანის მიხედვით, ორივე სიტყვის ასოების ფარული სათვალავის შესატყვისების ჯამი 319 არის.
დევის მე-5 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
მე-6 თავმა ჰკითხა, ძველად ქართულში რამდენი ბრუნვა იყო, თუ იცი, ჩამომიწერე, თავის ბრუნვის ნიშნებიანადო.
ნაცარქექიამ მიუგო, ვიცი, 8 ბრუნვა იყოო და ნაცარზე სადგისით ჩამოუწერა:
1) წრფელობითი –
2) სახელობითი – ი/ჲ
3) მოთხრობითი – მან
4) მიცემითი – სა
5) ნათესაობითი – ისა/ჲსა
6) მოქმედებითი – ითა/ჲთა
7) ვითარებითი – ად/დ
8 ) წოდებითი – ო
დევის მე-6 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
მე-7 თავმა ჰკითხა:
– ძროხას და ფარშევანგს რა საერთო აქვთ?
ნაცარქექიამ ნაცარზე სადგისით ძროხა დაწერა და ასოებს რიგითი შესატყვისები მიუწერა: ძ30 რ19 ო16 ხ33 ა1; შეკრიბა და 99 მიიღო. გადაშალა. შემდეგ სიტყვა ფარშევანგი წრფელობით ბრუნვაში ჩააყენა, ნაცარზე სადგისით დაწერა და ასოებს რიგითი შესატყვისები მიუწერა: ფ23 ა1 რ19 შ27 ე5 ვ6 ა1 ნ14 გ3; შეკრიბა და 99 გამოვიდა. დევს უთხრა:
– ძროხას და ფარშევანგს ის სართო აქვთ, რომ ორივე სიტყვის ასოების რიგითი შესატყვისების ჯამი 99 არის.
დევის მე-7 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
მე-8 თავმა ნაცარქექიას ჰკითხა:
– სიტყვებს ღორონთს და სკუდეტოს რა საერთო აქვთ?
ნაცარქექიამ ნაცარზე სადგისით სიტყვა სკუდეტო დაწერა. ასოებს რიგითი და რიცხითი შესატყვისები მიუწერა: 20ს200 11კ20 22უ400 4დ4 5ე5 21ტ300 16ო70; ცალ-ცალკე შეკრიბა და 99-999 გამოვიდა. გადაშალა. სიტყვა ღორონთი წრფელობით ბრუნვაში ჩააყენა და ნაცარზე სადგისით დაწერა. შემდეგ კი ასოებს რიგითი და რიცხვითი შესატყვისები მიუწერა: 25ღ700 16ო70 19რ100 16ო70 14ნ50 9თ9; ცალ-ცალკე შეკრიბა და 99-999 გამოვიდა. დევს უთხრა:
– სიტყვებს ღორონთს და სკუდეტოს ის საერთო აქვთ, რომ ანბანის მიხედვით, ასოთა რიგითი შესატყვისების ჯამი, ორივესი 99 არის და რიცხვითი შესატყვისების ჯამი კიდევ 999 გამოდის.
დევის მე-8 თავმა დაიღრიალა, მომეჭრა თავიო და გაუჩინარდა.
თადარიგის მიხედვით მე-9 თავის ჯერი რომ მოვიდა, ცაზე ბადრი მთვარე ამოგორდა. დევმა ბუმერანგით კეფა მოიფხანა და ნაცარქექიას უთხრა:
– უხსოვარი დროის შემდეგ ჩემამდე არავის მოუღეწევია. მეგონა რომ ლაპარაკი დავიწყებული მქონდა. სანამ ბოლო კითხვას დაგისვამდე, შენ ხომ არ გაქვს ჩემთან რამე კითხვა?
ნაცარქექიამ თავი დაუქნია და ჰკითხა:
– პური თუ გაქვს, შეგიძლია მომცე?
დევმა პური მიაწოდა. ნაცარქექიამ წყაროს წყალი შესვა და წამოღებული ყველი დევს უწილადა. ქვებზე ჩამოსხდნენ და ერთად ჭამეს. ნაცარქექიამ დევს შესთავაზა:
– მოდი არაფერი მკითხო, თორემ ან შენ უნდა მოკვდე ან მე და მინდა, რომ ორივენი ცოცხლები დავრჩეთ.
დევი დათანხმდა და გადაიხარხარა. ნაცარქექიას უთხრა:
– კარგი ჰქენი ყველი რომ გამიყავი, თორემ ისეთი კითხვა უნდა დამესვა, რომელზეც პასუხი არავინ იცის და რადგან ასეთი კეთილი აღმოჩნდი, ერთ სურვილს შეგისრულებ.
ნაცარქექიამ ინატრა:
– ჩემი სურვილია, ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, მას დავეხმარო, შენთან ერთად. ერთს კიდევ ისე გთხოვ, გინდა გაითვალისწინე და გინდა არა. ეცადე, რომ შენც მეტად კეთილი იყო.
ნაცარქექიამ ეს რომ თქვა დევი კაცად გადაიქცა და მთვარის შუქზე, წყაროს წყალში, საკუთარ ანარეკლს გაოცებულმა დაუწყო ცქერა. ნაცარქექიამ ჰკითხა:
– რა გქვია?
კაცმა უპასუხა:
– ნჱო მქვია – ბუმერანგი გასტყორცნა, – ქაჯს ვყავდი დატყვევებული.
– ჩემი სურვილი ახდება? – დაინტერესდა ნაცარქექია.
– ახდება და საოცარია ეს ყველაფერი, რადგან მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი ჩემი გათავისუფლება. – უპასუხა ნჱომ და მობრუნებული ბუმერანგი დაიჭირა.
ამასობაში შუა ღამე დამდგარიყო. ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ მომდევნო წლის ოქტომბრის სავსემთვარეობის დროსაც იმავე ადგილას მივიდოდნენ და თავთავიანთ დარბაზებს დაუბრუნდნენ.
გამოეღვიძა თოთიას. ბავშვებს ჩასძინებოდათ. კოტეჯში შეიყვანა და საწოლებში ჩააწვინა. თვითონ ჩამონგრეულ ფარდულში შევიდა. ზღაპრების წიგნი გადაათვალიერა და ძველ ადგილას დადო. შემდეგ ისევ ჰამაკში მოკალათდა. საყმაწვილო ჰემატრიას დაუწყო კვლავ ფურცვლა. პარალელურად სიზმარი ახსენდებოდა და ფიქრებში ჩაფლულს ისევ ჩაეძინა.
ფრაგმენტი ეძღვნება ვ.ღვინია-ს
“ერთხელ მესიზმრა, რომ ფარვანა ვიყავი. ახლა კი აღარ ვიცი, ჯუან ძი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ ფარვანა იყო, თუ ფარვანა ვარ, რომელსაც თავი სიზმარში ჯუან ძი ჰგონია.”
ჯუან ძი
იყო და არა იყო რა, ხვთის უკეთესი რა იქნებოდა… იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ლეისონი ერქვა. სისხამ დილით ლეისონს შავ ქუდსა და ღია მწვანე მოსასხამში გამოწყობილი სტუმარი ეწვია. მასპინძელმა გაიხარა და ჭიდან ჭურჭლით წყალი მოიტანა. სიტყვა თქვეს, ღვინო შესვეს და პური ჭამეს. შებოლილ ხორცსა და ყველს მწვანილი დააყოლეს. ფარცა იცეკვეს, იმღერეს და მოილხინეს. დილით, სანამ განათდებოდა, მასპინძელს სტუმარი გამოუტყდა, შესამოსელით მოგატყუე, ჩვეულებრივი ქაჯი ვარ, შენ დღეიდან ლეისონა გერქმევა და შენთან იმიტომ მოვედი, რომ წრე უნდა გავშალოო. ეცა ლეისონს, დააბა მრგვალ მაგიდაზე და სარკმლიდან შემომავალ მზის სხივს მიაფიცხა. ჭიდან წყალი მოიტანა და კერიდან ამომავალი კვამლი ქარს გაატანა. გავიდა წამებით 360 დღე, შეიკრა წრ~დი. ქაჯმა წამში ერთხელ, სულ ათასჯერ, წრე წარმოსთქვა. ჭაში კენჭი გადააგდო; წყალში ტალღამ წრე გაშალა; ჭურჭელი შეივსო; ქაჯმა მაგიდასთან მიიტანა და საბელი ახსნა მასპინძელს. მოილხინეს შემდეგი 4 დღე-ღამის განმავლობაში ერთად ლეისონმა და მისმა სტუმარმა. სიტყვა თქვეს, ძველი ღვინო შესვეს და პური ჭამეს. შებოლილ ხორცსა და ყველს მწვანილი დააყოლეს. ფარცა იცეკვეს, იმღერეს და იგრძნო რა ლეისონმა, რომ ჟამი ახლოვდებოდა, მეხუთე დილით, ფერხული გამართა საწნახელში. ქაჯს გასძახა:
– “წნეხში ყარ” მარცვალნი ვითარცა წამები,
ახალი ღვინო და წელი კვლავ დადგება,
და როგორც სასმისი, სმად საუკეთესო,
ჯამიც მხოლოდ წვეთის ამარა დარჩება.
31 55 6900 წვეთი ღვინო ჩაწურეს ქვევრში 26 წამის განმავლობაში. თითო წამი 2 კვირას გრძელდებოდა და მეხუთე დღეც გაილია. გამთენიისას, შესვეს თუ არა ახალი ღვინო, ქაჯი ეცა ლეისონს, ისევ მრგვალ მაგიდაზე დააბა და თავიდან დაიწყო ყველაფერი.
მომდევნო წელსაც იგივე განმეორდა, მაგრამ მე-4 წელს 6 დღე გაგურძელდათ მოლხენა. ზმანება ეგონათ ყოველი მე-4 წლის მოლხენის მე-6 დღე. 31-ჯერ დაარქვეს ლეისონაობა იმ მეექვსე დღეს და ყოველ ჯერზე სიზმარი ეგონათ, მაგრამ ქაჯს ზმანებებშიც ახსოვდა, რომ კენჭი უნდა ჩაეგდო ჭაში, რათა წყალში წრე გაეშალა, ჭურჭელი ავსებულიყო და მრგვალ მაგიდასთან მიეტანა.
ასე გავიდა 127 წელიწადი. 128-ე წელს (124 წლიანი გამოცდილების მიხედვით ლეისონაობა რომ უნდა გათენებულიყო), ქაჯს, ნაცარქექია და ნჱო წამოადგნენ თავზე. ჭიდან 31 კენჭი ამოკრიბეს და მიწაზე მოზაიკა მოაპირკეთეს. 19 კენჭით ნჱომ Ⴃ მოკირწყლა, 12 კენჭით ნაცარქექიამ Ⴜ. გახადეს ქაჯს მოპარული შესამოსელი, სახეზე ნაცარი წაუსვეს, ჩასვეს კიდობანში და ჭკუის სასწავლებლად, იბერიიდან 9 მთასა და ცხრა ზღვას იქით, ოკეანეში მოიფრიალეს.
დრო არ გასულა ისე გავიდა მე-6 დღე… ლეისონმა ჭიდან წყლის მოტანა რომ დააპირა, ჭურჭელი სავსე დახვდა. გაკვირვებულმა გახედა კაცს, რომელიც ბუმერანგით კეფას იფხანდა. ლეისონს მისთვის რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ნჱომ არ აცადა და ლექსად უთხრა:
– ნაცარქექიას კერიდან,
სამაროვანთა ფონზე,
ფაშგუნდით ფარმაშანელმა,
გაშალა გამა Ⴤომლზე.
ნაცარქექია კერიდან გუდაში ნაცრის ჩაყრას რომ მორჩა, დაამატა:
– კორიბანტები გაიწერნენ წელიწადებად,
წამები წელში წნეხში ნა’ყარ დროებას ჰკრავენ,
ჰე, ფარშევანგო, გადმოგვაბერტყე ცისარტყელა,
მშვიდობის გამავ, დღეს ხალხები ნატვრის ხეს რთავენ.
ეს თქვა, გუდას სადგისი უჩხვლიტა და ნჱოსთან ერთად გაუჩინარდა.
ბავშვების ხველების ხმამ გააღვიძა მოხუცი თოთია. კოტეჯი იწვოდა. მსწრაფლ მოფხიზლდა. კოტეჯში შევარდა. ბავშვები ეზოში გამოიყვანა და ჭის გვერდით მდგარი სავსე ჭურჭლიდან წყალი თავზე გადაისხა. გახურებული მაჯის ისრებიანი საათი ინსტიქტურად ეზოში მოისროლა, რადგან ხელს წვავდა, თან ორთქლი გასდიოდა. ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ თოთია პაპას უხაროდა ყველანი უვნებლად რომ გადარჩნენ. აღარც კი ახსოვდა ახალი წლის ღამე რომ თენდებოდა. ხის კოტეჯი კი იწვოდა თავისი ზმანებებითურთ. ნაფარდულართან ერთად იწვოდა ბევრჯერ გადაკითხული ზღაპრების წიგნი და მის ყდაზე დახატულ ნაცარქექიას ბუხარში ცეცხლის ალი კიაფობდა.
***
მალევე გადაიყვანეს პაპა, თავისი შვილიშვილებითურთ, იქვე, შარმ ელ შეიხის პრესტიჟულ სასტუმროში. მსუბუქი გამოკითხვების შემდეგ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელებისთვის ნათელი გახდა, რომ ხანძარი თოთიას დაუდევრობით არ იყო გამოწვეული. შეჰპირდნენ, რომ მალევე დაადგენდნენ ყველაფერს და ბედნიერი ახალი წელი არა, მაგრამ ძილი ნებისა უსურვეს. თოთიამ გადაწყვიტა, რომ რადგან ყველანი ჯანმრთელად ვართ, ხვალ გავაგებინებ ოჯახს ჩვენი აგარაკის შესახებ სამწუხარო ამბავსო. პირჯვარი გადაიწერა, გონებაში ლოცვა დაიწყო, საწოლზე მიწვა და ძალაგამოცლილს ძალიან, ძალიან ღრმად ჩაეძინა.
იყო და არა იყო რა. იყო ერთი ასუმუსა, სულელად წოდებული, რომელიც კარაკასში დასახლდებულიყო. არც წაღმა იცოდა კითხვა და არც უკუღმა. წაშლიდა ხოლმე ბანერზე დატანილ ქალაქის სახელწოდებას, რომელიც შემოსასვლელში იყო აღმართული და იმას მიაჯღაბნიდა, რასაც წინა ღამით, ქალაქში მასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, გამოჩენილი მასხარა – შაყირო დაასწავლიდა. 13 მარტს ასუმუსამ გამოუცხადა კარაკასელებს:
– დღეს ჭკვიანად ვიქნები. არც არაფერს შევცვლი ბანერზე, არც არაფერს დავაშავებ და ნახეთ, 14 მარტის ღამის სამ საათზე თუ სავსე მთვარე, რამდენიმე საათით, არ ჩაგიქროთ.
ასეც მოხდა…
მთელი ქალაქი ლანძღავდა ასუმუსას. მხოლოდ შაყირო იღრიჯებოდა ხოლმე და უკბილო ხუმრობებით მხარს უბამდა სულელ მეგობარს. ბალღივით ენას მოიჩლეფდა და მლანძღველებს, მიბაძვით სცინებდა. უჟდელო, უჟდელოო, დაჰყვიროდა ასუმუსას და ასე ალაზღადარავებდა ხოლმე კარაკასელებს. ბრძენიც ჰყავდა ქალაქს, ქადაგა ერქვა, მაგრამ კომპეტენცია არ ყოფნიდა ამ ყოველივეს გასააზრებლად და შეგონებების მოსაფიქრებლად … ერთხელაც, 2025 წლის 17 მარტს:
“ დატოვა ქადაგამ კარაკასი და მიდის გამათში,
უნდა რომ სიბრძნე ჩამოიტანოს საკუთარ ქალაქში.”
დილით ქადაგა წავიდა, საღამოს კი დიმა მათხოვარი მოვიდა ხრინწიანი ხმით და ძონძებით. შაყირომ რომ ჰკითხა, ვინ ხარო, არ დაუმალა და უთხარა:
– დიმა მათხოვარი ვარ და იქნებ შემიფაროთ.
ჩვეულებრივ მაწანწალას ჰგავდა. სახე გამურული ჰქონდა და მის ფონზე კბილები თეთრად უკიაფებდა. უცნაურობა მხოლოდ ის სჭირდა, რომ ხ ასოს განსაკუთრებული რიხით ამბობდა და ხრიალებდა. კაცი იფიქრებდა სადაცაა სული აღმოხდებაო…
გაშალა ქალაქის მეორე კიდეში დიმამ კარავი და შეუდგა საქმიან-უსაქმურობას. კანტიკუნტად ჩაუვლიდნენ ხოლმე ქალაქის მაცხოვრებლები მათხოვრის ალაგს, ხურდას დაუყრიდნენ და ბავშვებს ჩურჩულით ასწავლიდნენ, თუ არ იმეცადინებთ, რომ გაიზრდებით, ამას დაემსგავსებითო.
სულელს და მასხარას თვალში არ მოუვიდათ მათხოვარი. შაყირო მალავდასავით უარყოფით განწყობილებას. ასუმუსას აბრალებდა ყველაფერს და ეუბნებოდა, შენ იმიტომ არ მოგწონს, რომ მაგ მათხოვრის გამო ყურადღება მოგაკლდა ხალხისგანო.
გადაუღებლად წვიმდა ერთხელ მთელი დღის განმავლობაში და დიმა, საჭმლის საშოვნელად, ქალაქის ცენტრისაკენ გაეშურა. ასუმუსა თავსხმა წვიმაში ეჩხუბებოდა შაყიროს, რომ მითხარი, 29 მარტს, ქალაქის შემოსასვლელში “კარაკასს” თუ წაშლი ბანერზე და “კეიპ დორსეტს” მიმაწერ, ამომავალი მზე გაგიღიმებს, რატომ მომატყუეო?
დიმამ ხმამაღლა თქვა, კეიპ დორსეტს ვენესუელაში რა უნდა, კანადაშიაო და განცვიფრებულმა შეხედა გიჟ-მასხარათა დუეტს.

– ამან კიდევ მითხრა, ეგრე თუ მიაწერ, შვიდს რომ რვა წუთი დააკლდება, ამომავალი მზე გაგიღიმებსო. – უთხრა ასუმუსამ დიმას, რომელიც შაყიროს კისკისში აჰყოლოდა. ძველი მეგობარი კი დაინდო ასუმუსამ, მაგრამ მათხოვარს კარტოფილი, სიმინდის ტაროები და ქვამარილები დაუშინა. ერთი კარტოფილი მოარტყა ზურგში , მაგრამ უძლიერესად მოქნეული ქვამარილი, სასწაულებრივად ააცილა და იმხელაზე გასტყორცნა, რომ საბოლოოდ მათხოვრის კარავთან მიგდებულ კიდობანთან მიგორდა. ფანჯრებიდან მომზირალმა მოქალაქეებმა, რომელებსაც ასეთი წვიმის გამო სხვა საქმე არ ჰქონდათ, ერთხანს კი იცინეს, მაგრამ ქვების სროლა რომ ატეხა ასუმუსამ, ფანჯრებს მოშორდნენ და ღრმად შეიწივნენ სახლებში.
21 ივნისსაც გაახსენეს ეს ამბავი მოქალაქებმა ასუმუსას და შაყიროს. ეუბნებოდნენ, რომ ასეთი ბოროტები არ უნდა იყოთო. შაყირო კი პასუხობდა, ჩვენ ბოროტების როლს ვთამაშობთ, რომ თქვენნაირ კეთილისმყოფელობანას მოთამაშეებს ჩვენი ეშინოდეთო და განაგრძობდა ღრეჯას. ასუმუსა ვერ ხვდებოდა რაზე იცინოდა შაყირო, მაგრამ თავისი არაფრისმთქმელი, გამოშტერებული გამოხედვით, მხოლოდ იმიტომ, რომ რამე ეთქვა დაამატებდა:
– ნუ ნაღვლობთ, დაგიბრუნდებათ ქადაგა და რის საძებნელადაც წავიდა აქვე დახვდება, ისე დაბრძენებულხართ.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ისწავლა ასუმუსამ ჭკუა და კიდევ აჰყვა უსაქმურობისას შაყიროს. 7 სექტემბერს კვლავ დააჯერა მასხარამ სულელს, რომ ქალაქის შემოსასვლელში აღმართულ ბანერს თუ რუსთავს დააწერ, ბადრი მთვარე დაიმალება ღამით, მოწმენდილ ცაზე და 3 სათის მერე გამოჩნდებაო. ამ ამბავის გამო, დიმა მათხოვარი, 7 სექტემბრის საღამოს ათის ნახევრიდან თერთმეტ საათამდე ხარხარებდა თავის კარავში და თან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გასცლოდა ქალაქს, მაგრამ მარტო წასვლა არ უნდოდა. იფიქრა, რომ 22 სექტემბერისთვის ქალაქის შემოსასვლელში გადავიტან კარავს და ვინც 7:10 საათზე გამოივლის იმას გავიყოლებო. ამ დროისთვის კი შაყირო და ასუმუსა მოადგნენ ქალაქის შემოსასვლელს. კვლავ წაშალეს “კარაკასი” ბანერზე, “ქუინსთაუნი – ახალი ზელანდია” მიაწერეს და დიმას გახედეს, რომელიც ამომავალი მზესავით ხარხარებდა. ასუმუსამ გასძახა:
– მათჴოვარო, რა გაცინებს? ჩვენც გაგვაცინე!
დიმამ მეგობრები კარავში მიიწვია, კიდობანზე ჩამოჯდა და უთხრა:
– ხომ მიხვდით, რომ ძალიან მდიდარი ვარ. უმთავრეს მიზანთან ერთად, რომლის გამხელასაც ჯერ არ ვაპირებ, ჩემი მათხოვრობის მიზეზი ისიც არის, რომ მოვიწყინე და ამნაირი გართობით ვიქცევ თავს. – ჰორიზონტს მიაშტერდა და განაგრძო ლაპარაკი – რაც გინდათ მთხოვეთ და შეგისრულებთ.
შაყირომ უთხრა, ვინც ამ ქალაქში დაგეხმარა იმას 100 მაგდენი დაუბრუნე, ეგ იქნება ჩემი სურვილიო. ასუმუსამ დააყოლა, ჩემი სახელი უკუღმა წაიკითხე და მშიერი რომ დაგაპურე არავის უთხრა, შენთვის დაიტოვე, ეს იქნება ჩემი თხოვნაო.
დიმა ცოტა ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ შაყიროს მიმართა:
– თხოვნა რომ შეგისრულო, ასუმუსას კარტოფილის ბაღი, სიმინდის ყანა და მარილის საწარმო უნდა მივცე და მაგაზე მაინც დამთანხმდბით? ისედაც ვაპირებდი იმ ხალხისთვის დახმარების გაწევას და ვის ვანდო ეგ საქმე? ვინ დაანაწილებს თანაბრად ყველაფერს? ეგებ მირჩიოთ…
აწ უკვე მომღიმარი სამი თანაქალაქელი ბჭობდა და ღმერთს ახსენებდა. დიმასთან მისულ ადამიანებს, რომლებსაც მოწყალების გაღების სურვილი ჰქონდათ, კარვის შესასვლელში, ფარდაგი ხვდებოდათ ჩამოფარებული. შიგნიდან კი სამი მეგობრის ნათქვამი, ის სიტყვები და თარიღები ესმოდათ, რომელთაც, ცხოვრების განმავლობაში, ერთმანეთთან ლაპარაკის დროს, ფრაგმენტულად, იხსენებდნენ:
– ბევრგან ვეძებე გამათი, თუმცა ვერსად მივაგენი, მაგრამ მზის და მთვარის დაბნელებების შესახებ ინფორმაცია მოვიძიე… კანადაში ვიყავი და კეიპ დორსეტში, 29 მარტს, დილით, მზის ნაწილობრივ დაბნელებას დავესწარი. საქართველოში ვიყავი და 7 სექტემბერს ღამით სავსე მთვარის სრული დაბნელება ვიხილე. ახალ ზელანდიაში, რამდენიმე დღის წინ, 22 სექტემბეს, მზეს კი გადაეფარა მთვარე, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობით დავინახე და ეგეც შაყიროს ხარხარს მივამსგავსე. გუშინ სიზმრად ვნახე, რომ თუ ქალაქში დავბრუნდებოდი, ჩემს ხარს შებმული ურემი ალმასებით აივსებოდა, რომლითაც მარილის წარმოება უნდა გავმართო, კარტოფილის დიიდი ბაღი და სიმინდის ყანა გავაშენო. ვინც მესიზმრა, იმან მითხრა, რომ ჯილდოს სახით, შენი დაბრუნების შემთხვევაში, ეს ორი რეგვენი მოშორდება ქალაქსო. – ეს თქვა და ხელი იქითკენ გაიშვირა, საითაც ასუმუსა და შაყირო უნდა მდგარიყვენ, მაგრამ იქ არავინ იდგა. მასხარას, სულელსა და მათხოვარს ხალხის უყურადღებობით ესარგებლათ და აღმართულ ბანერზე გამათი მიეწერათ. ქალაქიდან მოშორებით მოჩანდა ამომავალი სიმართლის მზისაკენ მიმავალი სამი გაჴარებული მეგობრის, ასუმუსას, შაყიროსა და მათჴოვარი დიმას ერთმანეთზე გადახვეული ჩრდილი, რომელნიც ნამდვილ გამათში ბრუნდებოდნენ. ხარს შებმული ურემი კი ბრწყინავდა და გაალმასებული, დაპატარავებული მზესავით არემარეს, რენტგენივით აკაშკაშებდა.
"მას მიაქვს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა"
***
"მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა"
რუსთველი
"და იფანტება ველზე გიშრებად
ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად"
ლადო ასათიანი
მგზავრობისას ასუმუსას დაესიზმრა, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში, 2625 წლის 30 აპრილს, “31 აპრილობის” 565-ე წლისთავის აღსანიშნავად ქველფართი გაემართა ფარშამან ყარღან მე-13-ს. შუადღის ოთხის შვიდ წუთზე დაიწყო ცერემონია და სულ ერთ წუთსა და 39 წამს გასტანა. ქილის მრგვალ, ლატუნის თავსახურს ჯერ იმავე ფორმის დურალუმინის ფირფიტა გადააფარა, შემდეგ შავ საღებავში ამოავლო, ფუნჯით ულტრაიისფრად სიტყვა “სკუდეტო” წააწერა და წაიღიღინა:
– კუმ და იბერიამ, ტით წლის ვარდობისას,
ფარულ პაემანზე გულზე მიიბნიეს,
ცჲ წლის იგრიკას კი, კუმ და იბერიამ,
ოცდამეთერთმეტე ღამე გაათიეს.
შემდეგ შერწყმული ფირფიტები სპირტით სავსე ჯამში მოათავსა, გაასუფთავა და ისევ განაცალკევა… შავ ქუდსა და მწვანე მოსასხამში გამოწყობილმა ფარშამანმა პროცესი რომ დაასრულა, დამსწრეებს მიმართა:
– ვიღაცებს ანბანის დამახინჯების მცდელობის კადრების საპირწონედ რაღაც “სიკეთეებიც აკეთებინეს”, თუმცაღა რაღაცები იკადრეს სხვებმა იმავე ანბანის დასაცავად. ჩვენ კი იმასღა თუ მოვახერხებთ, რომ ფართო გზებზე ლილვაკით სეირნობის შესაძლებლობის მქონეთ და მოტრფიალეებს, საძუნძულოდ ვიწრო ბილიკს მაინც დავატოვებინებთ, რომელზეც თავად ლილვაკით ვერ გაივლიან… – ეს თქვა ყარღან მე-13-მ და მიმართვა შეძახილით დასასრულა – დღეყოველ 99!
გამოეღვიძა შეშფოთფბულ ასუმუსას. მძინარე შაყიროს თავთან, მიწაზე დაწერა, ჩემს მოსავლამდე არ წახვიდეთ, მალე დავბრუნდებიო და სიზმრის მოსაყოლად ხევისბერთან მივიდა. არ შეიტყო შეშფოთება და მშვიდად დაიწყო საუბარი. ასუმუსამ სიზმრის მოყოლა რომ დაასრულა წამიერად ჩაფიქრდა და შემდეგ, კვლავ განაგძო ლაპარაკი:
– ყველაფერი კარგად მახსოვს ხევისბერო. სინამდვილის გაყალბების მოსურნეები ბრძოლის ველიდან პირველები გარბოდნენ, თუმცა მოგებული ომის შემდეგ, ნაალაფარის ასაღებად ბრუნდებოდნენ. აბა საიდან ეცოდინებოდათ, რომ იმ აქლემს ასხამდნენ ძვირფასეულობას, სახლში წასაღებად, რომელიც ცხოვრების ბოლოს, ნემსის ყუნწში უნდა გააძვრინონ… სასიკვდილოდ გაწირულ, დაჭრილ მებრძოლებს კი ფარ-ხრმალიანად გიგანტურ კუებზე ასვენებდნენ და ისე უშვებდნენ ლაზარეთში. ლაზარეთში, რომელიც შინ, მდორე მდინარის იქით იდგა და ხიდიც ძალიან, ძალიან შორს იყო. ერთმანეთის დასანახავად შეიცოდებდნენ დასნეულებულ მეომრებს და სერიოზული სახეებით მოუწოდებდნენ კუებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიბობღებულიყვნენ ხიდამდე. თავად კი შინ, პირველებად დაბრუნებას ლამობდნენ, ომში გამარჯვებულის იერით, ყიჟინითა და დაფდაფების დგაფუნით… მაგათ ისიც არ იცოდნენ, რომ გამათელ კუებს მდინარეზე გადაფრენა შეეძლოთ… – ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ასუმუსას მრავლისმეტყველად ჩაეღიმა.
ხევისბერმა ყურადღებით მოუსმინა სტუმარს. მერე ფეხზე წამოდგა, სარკმელი მიხურა, ჭიქებში ჩაი და ვაშლის წვენი ჩამოასხა. შებრაწული ხინკალი სუფრაზე დადო და ასუმუსას მიუგო:
გამათის ერთ-ერთ ბილიკთგასაყარზე ცას ერთად ახედეს და გამოემშვიდობა დიმას სულელ-მასხარას დუეტი. გზაში შაყირომ და ასუმუსამ დიალოგი გამართეს. შაყირომ ჰკითხა:
– ერთ წელში რამდენი სრული დღეა?
– 365.
– სიტყვით, ყველაზე მოკლედ, როგორ ჩაწერდი?
შემდეგ კი ორივემ ერთად შესძახა, გაუმარჯოს, რაც გასამარჯვებელიაო და ერთმანეთს მხარზე ხელი გადახვიეს.
იქვე, მოლზე, მიბარებული ძროხა, ხბო, ფარშევანგი და ნამლევი გადმორეკა ახალგაზრდა კაცმა. ყველაფერი დაუბრუნა პატრონს. ზურგზე მოკიდებული კიდობანი ქვაზე დადო და წყაროს წყლით გამურული სახე დაიბანა. ამ ყოველივეს შემყურე შაყირომ ლექსად თქვა:
– არდის მრეკლავი დერვიში, ხარიპარია ღამისა,
წინაპართ დარი წინწალი, კერად ალისფრად ნათისა.
შემდეგ ასუმუსას ხელი გადახვია და გახარებულმა გადაუჩურჩულა:
– მიუხედავად იმისა, რომ წელს ამდენი ტყუილად ვიხეტიალეთ, ჩვენი გულისსწორების შემოთავაზებული შეუსრულებადი მისია თჳთონვე, მაინც შესრულებულა.
ყველანი ქვებზე ჩამოსხდნენ და მოყვნენ რაც კი რამ ჰქონდათ მოსაყოლი. ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ მომავალი წლის ოქტომბრის სავსემთვარეობის დროსაც იმავე ადგილს მოუბრუნდებოდნენ და ლამპრების შორეული ნათებებისკენ დაიძრნენ. მივიდნენ. ყოველივე ამის შემდეგ კი გაიშალნენ, თავთავიანთი დარბაზებისაკენ, გამათის მმართველის – შინი ხანის ასულებზე დასაქორწინებლად.
მივიწყებული კიდობნის ქვემოთ, ბაკნიდან, კუმ თავი გამოჰყო. წყაროსთან მიბობღდა. წყალში შეცურა და სავსე მთვარის ანარეკლის ფონზე კიდობნიანად გაუჩინარდა.
– პირამიდული კვიპაროსის საროსა ტყემდე,
ვიწრო დარჩება ბილიკები ხეობებისა.
გადმოურეკავს მწყემსს ნახირი მდინარის აქეთ,
ორღანს ამღერებს – გასაგონრად ფართობებისა.
დაბრუნებულები მიიპატიჟა და ჭყინტი ყველი ჩაკბიჩა. მეორემ ბუმერანგით კეფა მოიფხანა, სავსე მთვარეს გახედა და თქვა:
– იქნებ ყლოტმა გზა გაიკვლიოს ზეცისკენ ისე,
გამოეშალოს ღეროები ასწლოვნებისა,
მერკური მზეს სწრაფად უვლის წრეს, მაგრამ მთოვარეს,
დედამიწასთან სიახლოვე ერჩივნებისა.
“გაბადრულ ცაზე, ლიცლიცი მანგის, აერეკლა წყაროს წყალსაცა,
და მენახირე ორღანის მღერას განაგრძობდა იქვე სადღაცა”
სასტუმროს ტელეფონის ზარის რეკვის ხმამ გააღვიძა თოთია. სადაზღვევო კომპანიიდან ურეკავდნენ იმის სათქმელად, რომ ვიღაცის არასწორად გასროლილმა ფოიერვერკმა გამოიწვია ხანძარი და ზარალი სრულად აგინაზღაურდებათო. თოთიამ კედლის ციფრულ საათს გახედა, რომელიც იმავეს გამოსახავდა, რასაც წინა საღამოს – მაჯის ისრებიანი საათი. ეს კი იმას ნიშავდა, რომ 2029 წლის 1-ელი იანვრის დილის, მაგრამ კვლავ 9 საათი და 9 წუთი გამხდარიყო.